გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლი ძინწაოსთან.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური ესწრებოდნენ.
საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სისტემა არ აქვს, ვიზის აღებას ინტერნეტის საშუალებით მარტივად შეძლებენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება, რომლის ფარგლებშიც ჩინური კომპანიები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ადგილზე შეისწავლიან. გიორგი კვირიკაშვილმა ლი ძინწაოსთან შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გამარტივების საკითხებზე.
საქართველოს ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოხდა შეთანხმება ჩინურ მხარესთან, რომ საქართველო მოამზადებს სპეციალურ პაკეტებს ჩინეთიდან ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
„ჩვენ გამოვიყენებთ მსგავსი ტიპის მექანიზმებს, როგორიც გვაქვს ქუთაისის აეროპორტში ვიზეარის რეისების ხელშეწყობის მიზნით. საუბარია სპეციალური ფინანსური პაკეტების შემუშავებაზე, რათა ხელი შეეწყოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებაზე ჩინეთის ჩინეთის სხვა პროვინციებთანაც.
„გასულ წელს ჩინეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით გავიდა 100 მილიონზე მეტი ვიზიტორი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მოვიზიდოთ საქართველოში,“ – განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები