თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს უმასპინძლა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს თავდაცვის უწყების შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის  ინფორმაციით,  მინდია ჯანელიძემ 2004 წლის საბრძოლო ოპერაციების დროს, 2008 წლის აგვისტოს ომისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს გაზაფხულის დადგომა და ქალთა თვე მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ქალბატონებს გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა აღუთქვა.
„დღეს, შედგა შეხვედრა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან, დედებთან. ჩვენ მათ მივულოცეთ დედის დღე და რვა მარტი. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები იმიტომ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცების ოჯახებთან ქართულმა ჯარმა კონტაქტი არ უნდა გაწყვიტოს და ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, სისტემატიურად ვუწევთ დახმარებას და მომავალშიც გავუწევთ; თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჯარისთვის ამ ოჯახებთან ერთად ყოფნა და, ზოგადად, იმ ტრადიციის ჩამოყალიბება, რომ ჩვენ დაღუპული  მებრძოლების ოჯახებს, მათ შვილებს, მათ დედებს არ ვივიწყებთ. შესაბამისად, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება“,-განაცხადა მინსიტრმა.
გმირი სამხედროების დედებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა. მან ყურადღება დედების ამაგზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი დღეს საქართველოს ისტორიის კუთვნილება.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქალბატონებს გაესაუბრნენ, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და ამ საკითხების კანონის ფარგლებში მოგვარებას დაპირდნენ.
შეხვედრის დასასრულს, დაღუპული სამხედროების დედებს ერთჯერადი ფულადი დახმარება და ყვავილები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები