ნოდარ ხადურმა მინისტრებს “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გეგმების წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ფასების ზრდა არა, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯვითი წილის შემცირება გადაწყვიტა, – ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა და საკუთარ რეკომენდაციებიც გეგმის სახით დეტალურად წარადგინა.
მინისტრმა ასევე, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით მინისტრებს თავიანთი უწყებების გეგმის წარდგინებისთვის 10-დღიანი ვადა მისცა.
„ჩვენ რეკომენდაციით გამოვდივართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმადე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისა. ასევე, დაახლოებით 30%-ით შევამციროთ საწვავის ხარჯი. ეს, რა თქმა უნდა, ოპერატიულ მანქანებს არ შეეხება. ამავე დროს გთავაზობთ, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები, 20%-ით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯი და ამავე დროს, სასწავლო შვებულებები გამოვიყენოთ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში, და სასურველია, თუ მიმწოდებელი მხარის მიერ ანაზღაურებული იქნება ხარჯების 80%“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.