ნოდარ ხადური: გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ
მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდნის რეკომენდაციას, რომ საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. ხადურის თქმით, ბიუჯეტის შემცირების საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელებენ, საბოლოოდ ყველა სამინისტრო თავის წინადადებას წარადგენს ფინანსთა სამინისტროში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ. მისივე თქმით, სოციალური ხარჯები არ შემცირდება.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ – თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომლის გარშემოც ყალიბდება ახალი რეალობა, ფისკალური პოლიტიკა, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს, მაგრამ კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება “, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.