გაათეთრა თუ არა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზერვისტების მომზადებით ფული?

იოსებ ხუნძაყიშვილი: “სამეგრელოს კასრებში რეზერვისტებისთვის შესყიდულ იარაღს მალავდნენ“

  2006 წელს საქართველოს პარლამენტმა “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ კი ეროვნული გვარდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იწყებდა რეზერვისტების მომზადებას. საყოველთაო რეზერვაციის პროგრამა 2007 წლის 29 მარტიდან დაიწყო.  18 დღიანი წვრთნა სენაკის, ხონის, მუხროვანის, თელავისა და კოჯრის ბაზებზე მიმდინარეობდა. სამხედრო ძალების რეზერვი სამ კატეგორიად იყოფოდა: აქტიურ რეზერვად, ეროვნული გვარდიის რეზერვად და ინდივიდუალურ რეზერვად.
იოსებ ხუნძაყიშვილი, რომელიც სენაკის მეორე სარეზერვო ბაზის შტაბს 2007 წლის მარტიდან მეთაურობდა, პორტალ “კვირას“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის და აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ამ კამპანიაში იყო ჩადებული, რეზერვისტების მონაცემებისგან კარტოთეკის შექმნა და შემდგომ ამ მონაცემებით არჩევნებზე ხმების “ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაყალბება იყო. კანონის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რეზერვისტი 18-დღიან სამხედრო შეკრებას 3 – ჯერ გაივლიდა, მას სამხედრო ბილეთი მიეცემოდა. სარეზერვო ბაზის შტაბის ყოფილი მეთაურის თქმით, სწორედ ეს იყო მთავარი სატყუარა, რასაც უამრავი რეზერვისტი წამოეგო და საბოლოოდ იმედგაცრუებული აღმოჩნდა, რადგან პროგრამა აღარ გაგრძელდა და, შესაბამისად, რეზერვისტებმა მესამედ 18 – დღიანი შეკრება ვეღარ გაიარეს.
„ნაციონალებს“ სჭირდებოდათ ძალიან სწრაფი პროგრამა, რომლითაც არჩევენების გაყალბების მექანიზმი შეიქმნებოდა. იმ პერიოდში დაახლოებით 80 ათასმა კაცმა გაიარა რეზერვი, შესაბამისად, დადგა აღრიცხვაზე და უზარმაზარი კარტოთეკა შეიქმნა. იმ სამხედროების მონაცემები, ვისაც ჯარი ჰქონდა მოხდილი ან კიდევ მსახურობდა, უკვე ცნობილი იყო მათთვის. ახლა ისეთი პირებზე სჭირდებოდათ ინფორმაცია, ვისაც ჯარი არ ჰქონდა მოხდილი. ამას მიაღწიეს და შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. რეზერვი რომ შეიქმნა, მთელი 75-ვე სამობილიზაციო განყოფილება გააუქმეს და მერიას – თვითმმართველობებს დაუქვემდებარეს. მთელი მოანცემები და არქივები გიგი უგულავას ჩაუვარდა ხელში. მანამდე ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს გენშტაბს ექვემდებარებოდა. თავდაცვის სამინისტროში ვერ მოსთხოვდნენ ასეთ დეტალურ ინფორმაციებს და სწორედ ამიტომ მიუერთეს მერიას ეს სამსახური. რეზერვის მიმართულება კი ნიკოლოზ ჯანჯღავას ჩააბარეს. მე ისანი-სამგორის სამობილიზაციო განყოფილების უფროსი ვიყავი, თუმცა მას მერე, რაც მერიას დაუქვემდებარეს ეს სამსახური, მე სენაკის სარეზერვო ბაზის მეთაურად დავინიშნე“, – განუცხადა “კვირას“ ხუნძაყიშვილმა.soso
მისი თქმით,“რეზერვის“ პირობები იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ მასში მონაწილეობის მიღების სურვილს სამხედრო სამსახურისთვის არავარგისი სტატუსის მქონე პირებიც გამოთქვამდნენ. „რეზერვისტების საბრძოლო სიტუაციისთვის 18 დღეში მომზადება, რომელთაც ჯართან შეხება არ ჰქონიათ, რა თქმა უნდა, აბსურდია. ავადმყოფი – ეპილეფსიით დაავადებული ხალხი მოდიოდა იმის იმედით, რომ სამხედრო ბილეთს აიღებდა. მე სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი ამ ფაქტს და კომისიას ვაკრიტიკებდი. ის ექიმები და მეც, ვინც ხმა აიმაღლა ამ ყველაფერზე, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს“, – აცხადებს სენაკის სარეზერვო შტაბის ყოფილი უფროსი.
ხუნძაყიშვილი ბაზებზე ინფრასტრუქტურისა და საბრძოლო მასალის უხარისხობასაც უსვამს ხაზს. მისი თქმით, “რეზერვისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე ცუდი“- მეოთხე და მეხუთე კატეგორიის იარაღი იყიდეს, რომელიც არ ისროდა.
“ჩემს ბაზაზე 500 რეზერვისტი ემზადებოდა, მაგრამ არ არსებობდა ინვენტარი, მაგალითისთვის ვიტყვი – ბაზაზე მხოლოდ 24 პირსაბანი გვქონდა. პირსაბანები იმდენად უხარისხო, რომ არაერთმა რეზერვისტმა სახე, ხელი გიაჭრა. საწოლები კუსტარულად იყო აწყობილი. იარაღი კი, რომლის შესყიდვაც უკრაინიდან მოხდა, უხარისხო იყო. არც ერთი იარაღი ნორმალურად არ ისროდა“, – აღნიშნა ხუნძაყიშვილმა.
 ხდებოდა თუ არა რეზერვისტების მომზადებისთვის გამოყოფილი ფულის გათეთრება, მაშინ როცა იმ პერიოდში დაახლოებით 80 ათასმა პირმა გაიარა რეზერვი და თვითოეულის მომზადებაზე ყველაზე ცოტა 500 დოლარი დაიხარჯა?   ხუნძაყიშვილი კორუფციის ფაქტს  გადაჭრით ვერ ადასტურებს, თუმცა მისი თქმით, აშკარაა, რომ ბიუჯეტიდან ნორმალური იარაღის შესასყიდი თანხით მწყობრიდან გამოსულის შეძენა ხდებოდა.
“ვფიქრობ სერიოზული მოგება რჩებოდათ. მხოლოდ 2500 რეზერვისტის მომზადებისთვის დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი , თუმცა რაში დაიხარჯა ამხელა თანხა საკითხავია, მაშინ როცა არც ინფრასტრუქტურა ვარგოდა და არც იარაღი. ომის შემდეგ დაიწყეს მტკიცება, რომ თითქოს ეს იარაღი რუსებმა წაიღეს. ვის რად უნდოდა მწყობრიდან გამოსული საბრძოლო მასალა, რუსებმა კი არა, თავად მათ გადამალეს, რომ შემდგომ ვიღაცისთვის ჩაედოთ, ან არ გამოაშკარავებულიყო, რომ უვარგის იარაღში დიდი თანხები გადაიხადეს. ეჭვი მაქვს, რომ “კასრებში“, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ სამეგრელოში აღმოაჩინა, სწორედ ეს იარაღი იყოს“, – განუცხადა “კვირას“ იოსებ ხუნძაყიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები