„2015 წელს ექსპორტის შემცირებაა მოსალოდნელი, ეკონომიკის 5%-იანი ზრდა კი 3%- მდე შემცირდება“

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის ცვალებად კურსზე ისაუბრა.
ექსპერტის განცხადებით, ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს წინაშე დგას, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ადვილად პროგნოზირებადი იყო, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საგარეო ფაქტორებია.
ეკონომიკური პრობლემის შექმნა, ჯგერენაიას თქმით, გარკვეულწილდ რუსეთ- უკრაინის ომით, რუსეთის მიმართ ევროპის მიერ დაწესებული სანქციებით და ევროპაში კრიზისით არის განპირობებული. აღნიშნული პრობლემების გამო მკვეთრად შემცირდა საქართველოში ექსპორტისა და ტურისტების რაოდენობა, მით უფრო, რომ, ექსპერტის განმარტებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტი სწორედ ამ ორ ქვეყანასთან გვაქვს, ტურისტები კი ყველაზე დიდი რაოდენობით უკრაინიდან შემოდიან. კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ტრანსფერების შემცირებაც გახდა.
ჯგერენაიას განმარტებით, რუსეთში ევროპის მიერ დაწესებული სანქციების გამო ცხოვრება იმდენად გართულდა, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვებმა საგრძნობლად იკლო. ბუნებრივია, ეს აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც, რადგან, მისივე განმარტებით, ტრანსფერების საერთო ჯამის 80% სწორედ რუსეთიდან მოდის. ჯგერენაიამ ხელისუფლებას ერთგვარი რეკომენდაციები მისცა და იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას.
„იქიდან გამომდინარე, რომ ამ მდგომარეობის პროგნოზირება მარტივი იყო, აუცილებელი იყო ჯერ კიდევ ნოემბერ- დეკემბერში შემუშავებულიყო ანტიკრიზისული გეგმა. აუცილებელია შემცირდეს მმართველობითი ხარჯები, უნდა მოხდეს ბიზნესის პროვოცირება და გაიზარდოს ინვესტიციები. ჩემი ვარაუდით, ეკონომიკის დაგეგმილი 5%- იანი ზრდა 3% -მდე შემცირდება. 2015 წელს ექსპორტის შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა მარტის თვეში ეკონომიკის გაუმჯობესებას ველოდები. ლარი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე 2,0-ზე ჩამოვა“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები