კონსტიტუციის გადასინჯვის სახელმწიფო კომისიამ მუშაობა დაიწყო

კონსტიტუციის გადასინჯვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დღეს მუშაობა დაიწყო. საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფები 5 ძირითადი მიმართულებით შეიქმნება. დღესვე დაიგეგმება კომისიის მუშაობის რეჟიმი.
როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას ყურადღება რამდენიმე მიმართულებით გამახვილდება. დეპუტატის თქმით, ყურადღება პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის წონასწორობაში მოყვანის საკითხებს მიექცევა. ხმალაძის განცხადებით, განხილვის საგანი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხარისხის გაძლიერების კონსტიტუციური მექანიზმები იქნება. დეპუტატის თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო მექანიზმები სასამართლოს კორპუსის ფორმირებისთვის და ის მეტად უნდა იყოს დაცული პოლიტიკური ზემოქმედებისაგან.
საკონსტიტუციო კომისია ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე იმუშავებს. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო კომისია ყურადღებას გაამახვილებს, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურაა. ხმალაძის თქმით, უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ისეთი პროცედურა და მექანიზმები, რომ, ერთი მხრივ, ვერც ერთმა უმრავლესობამ ვერ შეძლოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და, იმავდროულად, დაცული იყოს კონსტიტუცია ბლოკირებისგან. საკონსტიტუციო კომისია გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. კომისიის შემადგელობაში შედიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, საჯარო სამართლის პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის ექსპერტები, ასევე კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები. საკონსტიტუიო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი, სახალხო დამცველი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები