რომან გოცირიძე: სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პრივატიზაცია და ბიუჯეტის კორექტირება
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ბიუჯეტის კორექტირება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არის ის პირველი ნაბიჯები, რაც მთავრობამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად უნდა გადადგას. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული პრივატიზაციის საკითხის გააქტიურება.
„მთავრობამ ძალიან სწრაფად უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი ღონისძიებები. პირველი-სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პრივატიზაცია, რაც დავივიწყეთ საერთოდ და ორი წელიწადია არ გვსმენია. როგორც ამბობენ, იმ ობიექტებით, რომლებიც მოაზრებულია საპრივატიზაციოდ, დაახლოებით, 300-350 მილიონის მოზიდვა შეიძლება ძალიან სწრაფად. მეორე – ბიუჯეტის კორექტირება უნდა მოხდეს. ფაქტობრივად, ამ ორ თვეში დაიხარჯა 1.2 მილიარდი ლარი, თვიური ხარჯი არის სადღაც 600 მილიონი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ტვირთი ისევ გადავა მომავალ ნოემბერ-დეკემბრის თვეში, და რომ არ განმეორდეს იგივე, რაც მოხდა წელს, ბიუჯეტის კორექტირება ახლავე უნდა დავიწყოთ. მთავრობა ნუ მიეცემა ილუზიას და ნუ ფიქრობს, რომ ის გამოვა ბიუჯეტის შეცვლის გარეშე – გინდ კორექტირება ვუწოდოთ და გინდ სეკვესტრი, ეს აუცილებელია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დღეს სასტუმრო „ჰოლდეი ინში“ იმსჯელებენ. „მრგვალ მაგიდაში“ მონაწილეობენ ეროვნული ბანკი და ექსპერტები.