ზურაბ აბაშიძე ალასანიაზე: სამოქალაქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ნატოსთან დაკავშირებით მის განცხადებაზე მოყოლილ რეაქციას არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია და დოღი უწოდა.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრების და ლიდერის განცხადების საპასუხოდ კი აბაშიძემ აღნიშნა, რომ „სამოქალქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას”.
„მათმა კომენტარებმა და განცხადებებმა ძალიან სერიოზული ეჭვები შემიქმნა ჩვენი კოლეგების კომპეტენტურობის შესახებ. თუ მათ ჩემთან ამ თემაზე დისკუსია და პოლემიკა სურთ, სჯობს ბატონ აპატურაისთან გააგრძელონ ამის შესახებ, ან ბატონ ობამასთან. ჩემთან ამ კამათს აზრი არ აქვს, რადგან მე ვამბობ იმას, რაც არის ანბანური ჭეშმარიტება. მათ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მკვახე-მკვახე განცხადებების გაკეთება დაასწრონ. მაგრამ მე მათ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ, სამარშუტო ტაქსი ხომ არ არის საგარეო პოლიტიკა, რომ დღეში შვიდჯერ სხვადასხვა მხარეს წახვიდე?!“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ გასულ კვირას ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებების მიმართ საზოგადოება აქტიური და ფხიზელი უნდა იყოს.