საქართველო და იუნისეფი ერთობლივად მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ
საქართველოს მთავრობის და იუნისეფის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად შეხვედრა გაიმართება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების და პრობაციის და ფინანსთა მინისტრები და სახალხო დამცველი რეკომენდაციებსა და შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ, ძირითად გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრებენ. შეხვედრა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის მარი-პიერ პუარიეს ხელმძღვანელობით გაიმართება.
პრემიერ-მინისრტის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი 2011 წლის 25 პროცენტიდან 2013 წელს 27 პროცენტამდე გაიზარდა, რამდენადაც სოციალური დანახარჯები უფრო სხვა ჯგუფებზე იყო მიმართული. ბოლო ორი წლის მანძილზე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე შემცირდა, მაგრამ კვლავ აღემატება დანარჩენი მოსახლეობის სიღარიბის დონეს. უთანასწორობის მხრივ საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში. ეს არის ძირითადი საკითხები, რომელიც დომინირებს მთავრობისა და იუნისეფის მიერ საქართველოში ბავშვთა მდგომარეობის განხილვისას.