გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოს ბანკის დელეგაცია მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი, ამავე ორგანიზაციის წამყვანი ეკონომისტი რაშმი შანკარი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე განხილული იყო მსოფლიო ბანკის ანგარიში „საქართველო: შესაძლებლობები კეთილდღეობის მისაღწევად“. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების კონკურენტუნარიანობის საკითხები და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებები. საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს პრიორიტეტები ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების წახალისების მიმართულებით. გარდა ამისა, სამომავლოდ, ინვესტიციების მოზიდვისას განსაკუთრებული ხელშეწყობა უნდა იქნას აღმოჩენილი ისეთი ინვესტიციების მიმართ, რომლებიც მიმართული იქნება ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარებისკენ. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის ჰენრი კერალის განცხადებით, მემორანდუმი აღწერს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ დასაქმებისა და ექსპორტის ზრდისთვის. „ექსპორტი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამგვარად, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არა მხოლოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, არამედ ასევე გადაჭრის დასაქმების პრობლემას,“ – აღნიშნა ჰენრი კერალმა. „როგორც მემორანდუმშია ხაზგასმული, საქართველოს გააჩნია ბრწყინვალე საწყისი პირობები ექსპორტის ხელშეწყობისა და დასაქმების სფეროს განვითარებისთვის. მემორანდუმშია ასევე საუბარია ისეთ საკითხებზე როგორიცაა ინოვაციების გაძლიერება, პროდუქტებისა და ბაზრის დივერსიფიკაცია, საბაზრო კვლევა, სამშენებლო ქსელი, ლოჯისტიკა, რაც პირდაპირ კავშირშია ექსპორტის ზრდასთან,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა რაშმი შანკარმა.