დავით უსუფაშვილი ბულგარეთში შეხვედრებს მართავს (ვიდეო)

დავით უსუფაშვილის და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში გრძელდება.
ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას მათ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობაზე ისაუბრეს. განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ზოგადად, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
მხარეებმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის და კერძოდ, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროინტეგრაციის პროცესში ბულგარეთის მიერ განვლილი გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბულგარეთს, ისევე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, საქართველოს მსგავსი ისტორიული წარსული აქვს.
„ჩვენს ქვეყანებს არა მხოლოდ საერთო წარსული და დღეს მიმდინარე მოვლენების მიმართ საერთო ხედვა აქვთ არამედ, ერთსულოვანნი არიან მომავლისაკენ სწრაფვაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა
„საქართველოს და ბულგარეთს საერთო ღირებულებები – მოდერნიზაციის და დემოკრატიიისკენ სწრაფვა აერთიანებს. გვჯერა, რომ ჩვენ გავამდიდრებთ ევროპულ ოჯახს, რომელიც მშვიდობის პროექტია. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ, და კვლავაც გავაგძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი თქვენი ქვეყნის მისწრაფებებში ურყევ მხარდაჭერას“, – განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა როსენ პლევნელიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერისა და ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების გამო.
ხვალ, 26 თებერვალს შეხვედრა საგარეო პოლიტიკის კომიტეტისა და ევროპულ საკითხთა და ევროფონდების მართვის კომიტეტის ხელმძღვანელებთან, პრემიერ-მინისტრთან ბოიკო ბორისოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დანიელ მიტოვთან გაიმართება.
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე და ლევან ქარდავა შედიან, ოფიციალურ ვიზიტს 27 თებერვალს დაასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები