საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას საჭიროდ არ მიიჩნევს
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოებას სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა წარუდგინოს.
~
მარგველაშვილის ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულ გეგმაზე მუშაობს და საზოგადოებისთვის მის წარდგენას უახლოეს მომავალში, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულების შემდეგ გეგმავს.
~
“მე დღეს შევხვდი ფრაქცია'”თავისუფალი დემოკრატების”‘ წარმომადგენლებს, რომლებიც ისევე, როგორც სხვა დეპუტატები, სრულიად ლეგიტიმურად არიან დაინტერესებულნი, თუ რანაირად დაიძლევა ის სირთულეები, რომელიც ამ ბოლო დროს დაუკავშირდა ჩვენს სავალუტო კურსს. მე ასევე შევხვდი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რომელმაც წარმომიდგინა სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი ქმედებების ძირითადი მიმართულებები. ეკონომიკური გუნდის მინისტრები ახლა ინტენსიურად მუშაობენ სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც საქართველოში იმყოფება და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულებისთანავე, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი მოკლე და საშუალოვადიანი ქმედებების გეგმას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ ეტაპზე უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი ვარაუდობს, რომ მთავრობა საზოგადოებას „სტაბილიზაციის მიმართულებით“ გასატარებელ გეგმას 5 მარტის “არეალში” წარუდგენს.
“გეგმაზე მუშაობა დაწყებულია, ახლა ხდება კონკრეტული დეტალების დაზუსტება. ვვარაუდობ, რომ ეს მოხდება 5 მარტის არეალში, ვინაიდან მისია საქართველოს ტოვებს 4 მარტს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა პარტიის სახელით საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევით მიმართა. გოკა გაბაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სხდომას მთავრობის წარმომადგენლებიც უნდა დასწრებოდნენ, სადაც ქვეყნის ეკონომიუკური კრიზისიდან გამოსავლის გზები ერთად განეხილათ.