ნოდარ ხადური: სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ ვაპირებთ

სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მინისტრის განმარტებით, საუბარია სხვა დონორებისგან დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე.
“საქართველოში სავალუტო ფონდის მისიაა ჩამოსული. დღეს მისიის წარმომადგენლებს ჩემთან ექნებათ შეხვედრა. ისინი ასევე შეხვედრებს გამართავენ ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროში. ეს არის სამუშაო შეხვედრები, რომლის დროსაც განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. სავალუტო ფონდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია სხვა დონორებისგან სესხის აღების თაობაზე. ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები და ეს არ არის თანხები, რომელიც წავა ბიუჯეტში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მივიღოთ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შესაძლო დაფინანსება”, – აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები