პროექტ “აწარმოე საქართველოს“ფარგლებში, „აგრო თრეიდინგ ჯორჯიას“ქონება ერთ ლარად გადაეცა
სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში, შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯია“ სახელმწიფოსგან თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლებაში, ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე 30 394 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად მიიღებს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კომპანია ვალდებულია, სანაცვლოდ განახორციელოს 2 602 524 ლარის ინვესტიცია, გადაცემულ ქონებაზე ორი წლის განმავლობაში შექმნას ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების საწარმო და დაასაქმოს 25-მდე ადამიანი. კომპანია 8 000 ტონა პროდუქციის წარმოებასა და მის რეალიზაციას ექსპორტზე გეგმავს.
“საქართველოს მთავრობა ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელს უწყობს დაინტერესებულ მეწარმეებს, რომ მათ დააფუძნონ ახალი საწარმოები, განავითარონ ადგილობრივი წარმოება და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. წარმოდგენილი პროექტი ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც დადებითად აისახება რეგიონში ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.