„რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა“

   საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საინფორმაცო სააგენტო “როიტერს” ინტერვიუ მისცა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ალასანიამ შეშფოთება გამოთქვა დასავლეთ რუსეთში ჯარების მობილიზაციის გამო, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში ნაკლებად მოსალოდნელია.
“რუსეთს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და 2008 წელს საქართველოში სამხედრო აგრესია განახორციელა”, – განუცხადა ირაკლი ალასანიამ სააგენტო “როიტერს” ბრიუსელში.
მისი განცხადებით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანება უკრაინასთან ახლოს, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიზნით, 150 000 სამხედრო მოსამსახურის განლაგების შესახებ, თუმცა, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა.
ალასანიას თქმით, 2008 წლის ომმა დაგვანახა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები მოსალოდნელზე უფრო დაბალი აღმოჩნდა.
“მათ ეს იციან და ასევე იციან, რომ ნატო-მაც იცის ამის შესახებ. ამიტომ ვფიქრობ, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა უფრო დაშინებას ისახავს მიზნად. ჩემი აზრით, ეს ასე არ მოხდება”, – განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, უკრაინამ და დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ღირსეულად დააღწიონ თავი ამ კრიზისს. ხოლო დასავლეთმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტი უნდა უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები