ალენ დელონი თბილისშია
ფრანგი მსახიობი ალენ დელონი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. მსახიობი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტს წარუძღვება. „პაატა ბურჭულაძე ხვალ იუბილარია. მე საქართველოში მის გამო ჩამოვედი. პაატა ნამდვილი ვარსკვლავია და ეს ქართველებმა ჩემზე კარგად იცით“, – ამბობს ალენ დელონი.
დღეს ალენ დელონი პრესკონფერენციის გამართვასაც გეგმავს. პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტში 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ერთიანდება ორი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ჯანლუკა მარჩიანო და ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებენ.