ესპანურმა კომპანიამ თბილისის მერიას სოციალურად დაუცველებისთვის ტანსაცმელი გადასცა

ტანსაცმლის მწარმოებელმა ესპანურმა კომპანიამ „Badoli“ თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტანსაცმელი გადასცა. კომპანიის წარმომადგენლებს თბილისის მერი დავით ნარმანია მადრიდში ვიზიტისას შეხვდა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქველმოქმედება მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც სხვადასხვა ქვეყნებს მუდმივად ეხმარებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სულ წლის ბოლომდე საქართველოს დედაქალაქში 6 ათასი ერთეული ტანსაცმელი ჩამოვა. ესპანეთიდან ტანსაცმლის ნაწილი დავით ნარმანიას თბილისში დაბრუნებისთანავე გამოიგზავნება. თბილისის მერმა უკვე დაავალა ქალაქის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსს, დროულად განსაზღვროს ბენეფიციართა რაოდენობა და ვინაობა.
„მე დავავალე თბილისის მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს, დროულად შეადგინონ სიები, რათა საჩუქრის ჩამოსვლისთანავე შევძლოთ მისი დარიგება. ეს საჩუქარი შვებას მისცემს იმ ადამიანებს, ვისაც ტანსაცმლის შეძენის საშუალება არ აქვს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღესვე თბილისის მერი ესპანეთის კომპანიების გაერთიანების ხელმძღვანელს, ალეხანდრა პოლაცის შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, იმ ბიზნესმენებისთვის, ვისაც ესპანური ბაზრის ათვისება სურთ, გაერთიანება არის კარგი პლატფორმა ბაზარზე როგორც პროდუქციის, ისე კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასატანად.
დავით ნარმანია ალეხანდრა პოლაცისთან შეთანხმდა, რომ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, მხარეები ქართველ ბიზნესმენებს შეხვდებიან, რის შემდეგაც განისაზღვრება ესპანურ ბაზარზე მსურველი კომპანიების შესვლის საკითხი. ამ მიზნით, დავით ნარმანიამ ალეხანდრა პოლარი თბილისში მოიპატიჟა.
თბილისის მერის ვიზიტი ესპანეთში დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები