სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ცესკოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ დემოკრატიული არჩევნების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და არჩევნებში თითოეული ამომრჩევლის როლის მნიშვნელობას.
შესაბამისად, მემორანდუმზე ხელისმომწერნი ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ არჩევნების სფეროში სამოქალაქო განათლების პროგრამის განხორციელებას ბავშვთა სახლებსა და ბავშვზე ზრუნვის სხვა ალტერნატიულ დაწესებულებებში განთავსებული მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის.
მსგავსი ტიპის მემორანდუმი, რომელიც საარჩევნო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს, ცესკოს და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს 2010 წლიდან აქვს გაფორმებული საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
16 უნივერსიტეტში იურიდიული, ჟურნალისტიკის და სოციალური ფაკულტეტის სტუდენტები საარჩევნო სამართლის დარგში გადიან სწავლებას. დღეს აღნიშნულ მემორანდუმს კიდევ 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოუერთდა: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი; აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი.
ცესკო სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით გააგრძელებს ღონისძიებების ორგანიზებას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.