საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა – რა თემები განიხილეს მხარეებმა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა.
როგორც “კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის და ნატოში გაწევრიანების თემებს. აღინიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს ნატო-ს მიმართულებით სვლას, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი. მანვე მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული “არსებითი პაკეტის” განხორციელების პროცესში უნგრული მხარის ჩართულობისათვის. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები