„გამოძიება ვაზაგაშვილის საქმის დამკვეთებზე – ადეიშვილზე, მერაბიშვილზე და სააკაშვილზე უნდა გავიდეს“

„ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე ეჭვმიტანილების დაკავებას მივესალმები, თუმცა საინტერესოა, რატომ ვერ გავიდა ხელისუფლება დამკვეთებზე, წინა ხელისუფლების მაღალი რგოლის იმ წარმომადგენელებზე, რომელთანაც ირაკლი ფირცხალავას ჰქონდა კავშირი“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველმა ლექსო კობაიძემ გააკეთა.
კობაიძემ ვაზაგაშვილის საქმეში წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ჩართულობაზე გააკეთა აქცენტი.
„ხელისუფლება აუცილებლად უნდა გავიდეს ვაზაგაშვილის საქმის დამკვეთებზე – ადეიშვილზე, მერაბიშვილზე… არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმის დაგეგმვაში მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. გამოძიება მათ კვალზე უნდა გავიდეს. საზოგადოებამ რომ ირწმუნოს ხელისუფლების, მათ უნდა გამოიძიონ წინა ხელისუფლების დროს მომხდარი საზარელი დანაშაულები“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები