ია მეტრეველი: ველოდები პროკურატურის გააქტიურებას

ველოდები პროკურატურის გააქტიურებას და მაქვს დიდი იმედი, გახმაურებული საქმეები ამჯერად ნამდვილად გაიხსნება, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნის თემის კომენტირებისას განაცხადა.როგორც მეტრეველმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, პროკურატურამ ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე დღეს დაკავებული პირების გარდა, უნდა შეისწავლოს ყველა ის პირი, ვისაც იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ასახელებდა.

„ახალი ჩემთვის ფაქტობრივად არაფერი არ იყო. ეს, რასაც დღეს ვისმენდით პროკურატურისგან, ბატონი იური წლების მანძილზე ამბობდა. გახდა ცნობილი, რომ ყველაფერი მართლაც ასე ყოფილა. რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში იური იყო კმაყოფილი, რომ საქმე დაჩქარებული და ბოლოსკენ გასული იყო. ველოდებოდით უკვე ამ დამნაშავეების დაპატიმრებას. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს მოხდა ბატონი იურის ლიკვიდაცია. ველოდები პროკურატურის გააქტიურებას და მაქვს დიდი იმედი, რომ გახმაურებული საქმეები ამჯერად ნამდვილად გაიხსნება და აღდგება სამართლი“, – განაცხადა მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაღუპულ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები