ირაკლი ფირცხალავა პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

ირაკლი ფირცხალავა პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ამის შესახებ „კვირას“ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა.
მისი თქმით, იგი, როგორც დაცვის მხარე, პროკურატურის განცხადებას აბსურდად მიიჩნევს.
„ის განცხადება, რაც პროკურატურამ გაავრცელა და რაც განჩინებაშია აღნიშნული, არის აბსურდი. რა თქმა უნდა, ირაკლი ფირცხალავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ეს არის აბსურდი. აქ საუბარია იმაზე, რომ ირაკლი ფირცხალავამ თავისი ძმის გამო დაგეგმა ეს ოპერაცია და მოინდომა ხუბულოვის ლიკვიდაცია. თუ ვინმეს ლიკვიდაცია უნდოდა ფირცხალავას, ამას სხვანაირადაც მოახერხებდა, ალბათ.
სამართლებრივი ნორმები და ლოგიკა ერთმანეთს არ შეესაბამება. რომ მივყვეთ განცხადებაში მითითებულ განჩინებებს, ეს მოწმეები, მანქანაში მყოფი პირები ცოცხლები რომ არ დარჩენილიყვნენ, გადაწყვიტეს მათი ლიკვიდაცია და მათ მიმართ საკონტროლო სროლები განახორციელეს. მაშინ როცა მანაქანაში სამი ადამიანი იჯდა, ორი დაიღუპა, ერთი გადარჩა. რატომ დატოვეს მაშინ მესამე მოწმედ? ფაქტობრივი გარემოებები და პროკურატურის ლოგიკა აცდენილია ერთმანეთთან“, – აღნიშნავს ადვოკატი დავით ხაჟალია.
მისი თქმით, ადვოკატებს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემიათ.
როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურას ფირცხალავასთვის ბრალის წარსადგენად 48 საათი აქვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.
„აღმკვეთი ღონისძიების – წინასწარი პატიმრობის შეცვლას აუცილებლად მოვითხოვ, რადგან ირაკლი ფირცხალავა დაახლოებით ერთი თვის წინ ამბობდა, რომ მას დააკავებდნენ. იგი, ამავდროულად, ამბობდა, რომ ის არსად გაქცევას და დამალვას არ აპირებდა. იგი მზად არის გამოძიების კითხვებს უპასუხოს. ამიტომ რატომ უნდა არ უნდა მივმართო სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების – წინასწარი პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით“, – აღნიშნავს დავცით ხაჟალია.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაღუპულ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები