ზურა ვაზაგაშვილის დედა: ჩემი ქმარი იმას ვერ მოესწრო, რაზეც წვალობდა – ის უკვე მიწაშია

ზურაბ ვაზაგაშვილის დედა ციალა ვაზაგაშვილი მისი შვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მას ახალი არაფერი მოუსმენია და ის, რაც პროკურატურამ განაცხადა, დიდი ხნის წინ იცოდა.
„ჩემმა მეუღლემ 8 წლის წინ იცოდა, ვინ იყო მკვლელი და ამას იძახდა 8 წელიწადი. ჩემთვის ახალი დღეს არაფერი არ გამოცხადებულა. ვიცოდი, ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია და ვინ განახორციელა საკონტროლო გასროლა. ვიცოდი, რომ იყო განზრახ მკვლელობა და ისიც ვიცოდი, რომ ჩემი შვილი საყაჩაღოდ არ მიდიოდა, არ იყო ყაჩაღი. ერთადერთი, რაც გულზე მომეშვა ის არის, რომ საზოგადოებამ შეიტყო, ჩემი შვილი არ იყო მკვლელი. მეტი სიხარული მე არ გამაჩნია იმიტომ, რომ ჩემი ქმარი იმას ვერ მოესწრო, რაზეც წვალობდა. ის უკვე მიწაშია“, – განაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილი დედამ.
მისივე თქმით, კიდევ არსებობენ პირები, რომლებიც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამო უნდა დააკავონ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ დღეს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები