ირაკლი ღარიბაშვილი: წელსაც ვგეგმავთ, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიის თხოვნით, გასულ კვირას გაკეთებულ პროგნოზთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წელი ქვეყნისთვის დალხენილი წელი არ იქნება, განმარტება გააკეთა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ 2015 წელი საქართველოსთვის მაქსიმალურად წარმატებული იყოს.
როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობა გეგმის მიხედვით მუშაობს, მაგრამ ეკონომიკური წინსვლა საგარეო ფაქტორებზეც არის დამოკიდებული.
„ორი წლის წინ იმის პროგნოზირება, რომ უკრაინაში ომი, ეკონომიკური კრიზისი და პრობლემები იქნებოდა, შეუძლებელი იყო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიმდინარე წელი საქართველოსთვის მაქსიმალურად წარმატებული წელი იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზეც – საგარეო ფაქტორები განსაზღვრავს იგივე ლარის კურსს, იგივე ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ეკონომიკა პატარა ეკონომიკაა, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ეკონომიკაზე.
“ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით. ის, რომ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა, გასულ წელს გვქონოდა დაახლოებით 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, არის ძალიან დიდი წარმატება. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 3%-ზე ცოტას. ჩვენ წელსაც ვგეგმავთ, რომ გვქონდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა პატარა ეკონომიკაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მიერთებული მსოფლიო ეკონომიკაზე”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები