საკრებულოს შენობასთან ინციდენტი მოხდა

საკრებულოს შენობასთან თანამშრომელთა გასაუბრების პროცესს სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.
ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. საკონკურსო კომისიის წევრებმა იეჭვეს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც მერიის სამსახურიდან მის უკანონოდ გათავისუფლებასაც აპროტესტებს და ხელახლა გაიარა საკვალიფიკაციო გამოცდა, გასაუბრებას იწერდა. აღმოჩნდა, რომ ბუსკივაძეს, მართლაც, ჰქონდა საათი, რომელიც ვიდეოჩაწერას ახორციელებდა. ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს და ეჭვი დადასტურდა.
მერიაში მიმდინარე გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტის გამო, კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
კახა ბუსკივაძის ადვოკატი, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისიის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ კანდიდატი გასაუბრების ვიდეოჩაწერას ახორციელებდა, მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე ადგილზე სამართალდამცავები მივიდოდნენ.
თავად ბუსკივაძე კი ამბობს, რომ ის სასამართლოში აპირებს საჩივრის შეტანას და მისივე გასაუბრების ჩანაწერი მტკიცებულებად სჭირდებოდა.
“გადავწყვიტე ჩემი პირადი გასაუბრება ჩამეწერა, რისი მიზანიც იყო შემდგომი გასაჩივრებისათვის ამის გამოყენება მტკიცებულებად“, – განაცხადა ბუსკივაძემ.
სწორედ ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ საკრებულოს შენობის გარეთ არასამთავრობოები და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ, რომლებიც ვითარების გასარკვევად, შიგნით შესვლას ითხოვდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები