ემზარ კვიციანი კოდორის ხეობის დაკარგვაში ირაკლი ალასანიას ადანაშაულებს

 

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გუშინ გაანთავისუფლეს, კოდორის ხეობის დაკარგვაში ირაკლი ალასანიას ადანაშაულებს. როგორც კვიციანმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, მან იცოდა, რომ ჯარის შეყვანა რუსებს აწყობდათ. მისივე თქმით, ის სწორედ ამის გამო აცხადებდა, რომ არავის ექვემდებარებოდა.

“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ირაკლი ალასანია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. მან მითხრა, რომ გუბერნია უნდა გაუქმებულიყო და აფხაზეთისთვის მას უნდა ეხელმძღვანელა.მე ვუთხარი, რომ წასვლის შესახებ განცხადება ორჯერ დავწერე. გუბერნია იმიტომ, შეიქმნა, რომ ერთ მუშტად უნდა გაერთიანებულიყვნენ და ალასანიას ვუთხარი, რომ გუბერნიაში დაეტოვებინა ის ადამიანები, რომლებიც ჩემს დროსაც იყვნენ, რადგან ვიცოდი ისინი ხეობას არ უღალატებდნენ”, – განაცხადა კვიციანმა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ალასანიას სურდა, რომ კოდორში არსებული გუბერნია დაშლილიყო და მართველობა საკუთარ თავზე აეღო.

„აფხაზები იძულებულნი იქნებიან კარგად დაგველაპარაკონ. გავაძლიერებთ ეკონომიკურად, ბევრ ფულს ჩავდებთო და ჯარსაც შევიყვანთო. სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ ხელისუფლების მიერ ხეობაში ჯარის შეყვანა იმას ნიშნავდა, რომ კოდორის ხეობა ჩაბარებული იყო ფხაზებისთვის და რუსებისთვის. მე თავის დროზე ვიცოდი, რომ ჯარის შეყვანა აწყობდათ რუსებს, ამიტომ თავი გავისულელე და ვაცხადებდი, რომ არც თბილისს ვექვემდებარებოდი, არც რუსებს და არც აფხაზებს. ეს იყო 1994 წლის 30 ივლისი. მოვილაპარაკეთ ისე, რომ მე ვრჩებოდი ხეობაში როგორც ადგილობრივი, გვქონდა ჩვენი ადმინისტრაცია, ქართული დროშა და ვიყავით გამარჯვებულები”, – განაცხადა კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები