პრემიერი კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებულ კონფერენციას გახსნის

საქართველოს მთავრობის ინიცირებით, კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს. კულტურის სამინისტროს ცნობით, კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით ხვალ, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი გაუძღვებიან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კონფერენციაზე წარმოადგენს საქართველოს კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია.
“კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, ხელისუფლების რეგიონული და ადგილობრივი ორგანოები და სხვა დაინტერესებული მხარეები. გზამკვლევში გათვალისწინებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მიღებული რჩევები და კულტურის სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების რეკომენდაციები. აღნიშნული გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მიზანია, კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესება და “კულტურა 2025” სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობა. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიება.
კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით დისკუსიები საერთაშორისო ექსპერტებთან და სესიები კულტურის სხვადასხვა სფეროში (ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა, შემოქმედებითი ინდუსტრიები და სხვ.). პარალელურად მიმდინარე სესიებიდან, სადაც არსებული პრობლემების მიზნებისა და ამოცანების გაანალიზება იწარმოებს, მონაწილეებს ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები