საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა შპს ,,ლანცეტის” წარმომადგენლებს მოუსმინეს

 

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა შპს ,,ლანცეტის” წარმომადგენლებს მოუსმინეს. თბილისის საკრებულოს ცნობით, აღნიშნული საავადმყოფოს დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ დედაქალაქის საკრებულოს განცხადებით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას 2010 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრული საპრივატიზაციო პირობებით საკუთრებაში დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.ზე მდებარე 7000კვ.მ და ასევე აქვე მდებარე 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.
საკრებულოს ინფორმაციით, 2012 წლის 7 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულებაში შესული ცვლილების თანახმად, შპს ,,ლანცეტს” 2013 წლის 23 ნოემბრამდე პრივატიზებულ ქონებაზე უნდა განეხორციელებინა 16 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, მრავალპროფილიანი სამედიცინო ამბულატორიული ცენტრის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და მისი თანამედროვე აპარატურით აღჭურვა.
“როგორც განცხადებიდან ირკვევა, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შპს ,,ლანცეტის” დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ მიმართა და საინვესტიციო ვალდებულების 2014 წლის 26 მაისამდე გადაწევა ითხოვა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილი ინვესტიციის ზრდამ პროექტის გახანგრძლივება გამოიწვია. აღნიშნული თხოვნის საპასუხოდ ქონების მართვის სააგენტომ შპს ,,ლანცეტის” დირექტორს აცნობა, რომ ვალდებულების შესრულების თარიღად 2014 წლის მაისი სახელდებოდა. წარმოდგენილ განცხადებას თან ახლავს თბილისის მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის დადგენილება და საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც საინვესტიციო ვალდებულების 2014 წლის 26 მაისამდე გადავადებასა და 17 000 000 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს”, – აცხადებენ საკრებულოში.
მათივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, 2014 წლის 23 სექტემბერს ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოსგან შპს ,,ლანცეტს” ეცნობა, რომ საინვესტიციო ვალდებულების დარღვევის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის თანახმად, 2014 წლის 26 მაისის მდგომარეობით, პირგასამტეხლო-1 950 621 აშშ დოლარის ოდენობით დაერიცხა.
საკრებულოს ინფორმაციით, განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 26 მაისის მდგომარეობით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ადასტურებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ლანცეტის” დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ თბილისის საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული საკითხი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიისა და შემდგომ ბიუროს სხდომაზე განიხილონ და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე საკითხის შესწავლა საკრებულოს სხდომაზე მოხდეს. კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ საკითხის შესწავლის მიზნით იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა 5 თებერვალს ჩანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები