თბილისის მასშტაბით ხევებისა და ფერდობების დასუფთავება მიმდინარეობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ხევებს და ფერდობებს ასუფთავებს. ზემო ვეძისის დასახლებაში დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დასუფთავდა და ნარჩენებისგან მთლიანად გაიწმინდა დასახლებაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ფერდობი და ხევი. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდაზე „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკა, მთამსვლელები და ორმოცდაათი სპეცთანამშრომელი მუშაობდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დანაგვიანებული ტერიტორიებიდან ყველა სამშენებლო ნარჩენი გლდანში, შემოვლითი გზის მიმდებარედ განთავსდება. თბილისის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და სამშენებლო ნარჩენი სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე განათავსონ.
„გარდა ამისა, მოვუწოდებ ყველას, ნუ ენდობიან ცალკეულ ინდივიდუალურ პირებს, რომლებმაც შემოღობეს ტერიტორიები და ცდილობენ, თვითნებურად დაადგინონ გარკვეული მოსაკრებელი და ადამიანებს იქ სამშენებლო ნარჩენის განთავსების უფლება მისცენ. ერთადერთი უწყება, რომელსაც თბილისში სამშენებლო ნარჩენის განთავსებაზე თანხმობის გაცემა შეუძლია, ეს არის „თბილსერვის ჯგუფი“. ყველა სხვა შემთხვევა არის უკანონო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ზემო ვეძისის დასახლებაში არსებული სასაფლაოს მიმდებარე ფერდობისა და ხევის გარდა, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა თბილისის ზღვაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორია და მის გარშემო ფერდობები, ასევე ვერეს ხეობა.
დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შპს „თბილსერვისჯგუფს“ 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები