გიორგი კვირიკაშვილმა და ზია მამედოვმა კარწახში სატესტო მატარებლით იმგზავრეს

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე სატესტო მატარებელმა გაიარა, რომლითაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა იმგზავრეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორი ოლეგ ბიჭიაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ კონტრაქტორი კომპანიების, აზერბაიჯანის რკინიგზისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 180 კილომეტრი რკინიგზის გაყვანის სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდეს.
“ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, თურქეთის საზღვართან. რკინიგზა უკვე საზღვრამდე მიყვანილია და ამ კუთხით ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია. საჭიროა კომუნიკაციების გაყვანა და გვირაბის სამუშაოების დასრულება. ვფიქრობ, ეს არის, მართლაც, საუკუნის პროექტი. წლის ბოლომდე ყველაფერი გაკეთდება, რომ სამუშაოები დამთავრდეს. თქვენ ხედავთ, რომ ზამთრის პირობებშიც ვმუშაობთ. ეს არის პროექტი, რომელიც, მართლაც, კიდევ ერთხელ შეკრავს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მეგობრულ კავშირებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე ხალხთა შორის კავშირების გამყარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, რომლებიც, მისი თქმით, ძალიან მძიმე კლიმატურ პირობებში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პროექტი დროზე დასრულდეს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ულამაზეს მიწაზე ვიმყოფები. რეგიონისთვის ეს ეკონომიკურად და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტია. წლის ბოლოს გზა ბოლომდე მზად იქნება ექსპლუატაციისთვის. ჩვენი თანამშრომლები ქართველ პარტნიორებთან ერთად ზამთარშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას”, – განაცხადა ზია მამედოვმა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად არის დასახელებული. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, რომ 2014 წლის ბოლოს ქართულ მონაკვეთზე უნდა გაევლო პირველ სატესტო მატარებელს. დათქმული ვადების შესაბამისად, შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ დაასრულა ლიანდაგის დაგება მთელ მონაკვეთზე. გიორგი კვირიკაშვილმა და ზია მამედოვმა უშუალოდ დაათვალიერეს დასრულებული სამუშაოები და პროექტის მნიშვნელობასა და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს. ახალ რკინიგზას წელიწადში მილიონი მგზავრის გადაყვანისა და, პირველ ეტაპზე, 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ამოქმედების შემდეგ 2500 ადამიანი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები