ოჯახში ძალადობის თემაზე პროკურორების გადამზადება დაიწყო
ოჯახში ძალადობის საქმეებზე, ეფექტიანი სამართლებრივი დევნის განხორციელების თემაზე პროკურორების ინტენსიური გადამზადება დაიწყო.
საქართველოს პროკურატურა სასწავლო აქტივობებს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით ახორციელებს.
პირველ ეტაპზე ინტენსიურ პროფესიულ მომზადებას პროკურატურის სისტემიდან პოტენციური ტრენერები გაივლიან.
სასწავლო პროცესს მოწვეული ბრიტანელი ექსპერტი ფრანჩესკა დელ მეზე უძღვება.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება სისხლის სამართლებრივი დევნის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: დაზარალებულის დაკითხვა და მასთან კომუნიკაცია; მტკიცებულებათა მოპოვება და შეფასება. აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკაზე. განიხილება სამართლებრივი ჩარჩო ქალთა უფლებების, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ.
ტრენინგებს წინ უძღოდა პროკურორების გამოკითხვა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა და ამ მხრივ არსებული სუსტი და ძლიერი მხარეები, ძირითადი სამუშაო მიმართულებები გამოვლინდა.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურორების სათანადო პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო აქტივობები მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი და შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სპეციალიზაციით მომუშავე ყველა პროკურორი გადამზადდება. დაგეგმილ ტრენინგებზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასთან ერთად, არსებული პრაქტიკა და აქტუალური საკითხები განიხილება.