„არეშიძის მიერ გახმაურებული ინფორმაცია პრაქტიკულად მკვლელობის შემსრულებლის სახელ – გვარის დონეზე ცოდნას ნიშნავდა“

პარტია „ახალ მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ექსპერტ მამუკა არეშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ჩიხრაძის თქმით, თუკი არეშიძეს რაიმე ინფორმაცია ჰქონდა ვაზაგაშვილის მკვლელთან მიმართებაში, ის, ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, ვალდებული იყო ეს ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის მიეწოდებინა.
რაც შეეხება არეშიძის მიერ მოგვიანებით გახმაურებულ ინფორმაციას, სადაც ის აცხადებდა, რომ მკვლელის გაქცევა მხოლოდ ივარაუდა, ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ მისი საუბრიდან არა ვარაუდის, არამედ იმის შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ არეშიძე ვაზაგაშვილის მკვლელზე საუბრისას გარკვეულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.
„ვაზაგაშვილის საქმეზე აქამდე მხოლოდ ვარაუდებსა და პოლიტიკურ შეფასებებს ვისმენდით. ის ინფორმაცია, რაც მე გუშინ წავიკითხე, პრაქტიკულად იყო სახელ- გვარის დონეზე შემსრულებლის ცოდნა. შემსრულებლიდან შემკვეთამდე კი არაფერი მანძილი აღარ რჩება. ჩემთვის გასაოცარი იყო თავად ის ფაქტი, როცა ითქვა, რომ მკვლელმა უკვე თურქეთის საზღვარი გადაკვეთა. თუ ასეთი ინფორმაცია არსებობდა და ვინმემ იცოდა, როგორ შეიძლებოდა ეს არ სცოდნოდათ სამართალდამცავ ორგანოებს და ამაზე რეაგირება არ მომხდარიყო.
როგორც ვიცი, მამუკა არეშიძე გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა და, ალბათ, მათ შესაბამის ახსნა- განმარტებას მისცემდა. ეს მისი მხრიდან ისეთი ფორმით ითქვა, რომ ვარაუდის შთაბეჭდილება არავის დარჩებოდა. შეგვექმნა წარმოდგენა, რომ იგი ამ განცხადების გაკეთებისას გარკვეულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. თუკი ეს ვარაუდი იყო, საიდან იყო ხაზგასმული მაინცდამაინც თურქეთის საზღვარი და არა, მაგალითად, აზერბაიჯანის ან რუსეთის საზღვარი? ზოგადად, როცა რაიმე სამართალდარღვევაზე და, მითუმეტეს, მკვლელობაზეა ლაპარაკი, ყველა მოქალაქე ვალდებულია, ინფორმაცია სამართალდაცავებს მიაწოდოს“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. მანვე მკვლელობის საქმეში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მონაწილეობაზეც ისაუბრა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ მკვლელობის შემკვეთები. ეს ის სიტუაციაა, როცა ზუსტად შემკვეთებისგან, მათი ზემდეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისაგან გაიხსნება ეს საქმე, რომელშიც ძალოვანების მონაწილეობის კვალი იკვეთება, – ყოფილის თუ ახლანდელის, ამას მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
გუშინვე, დღის მეორე ნახევარში, პროკურატურამ მამუკა არეშიძე დაკითხა, სადაც მან მის მიერ გაკეთებული განცხადება შეცვალა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მხოლოდ ივარაუდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები