თურქეთი სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას იწყებს

თურქული მხარე სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას იწყებს – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საქართველოში ვიზიტით მყოფი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრის ნურეტინ ჩანილიკისთან შეხვედრის შემდეგ. ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ მნიშვნელოვანია საბაჟოების განვითარება. თურქეთი სარფის საბაჟოს რეორგანიზაციას იწყებს, კარწახის საბაჟოს მშენებლობას ამთავრებს. ქართული მხრიდან ეს უკვე დასრულებულია. ხაზგასმით ითქვა, რომ სარფის საბაჟოზე პრობლემები აქამდე გამოწვეული იყო  თურქული მხარის მხრიდან, რომელმაც პირობა მოგვცა, რომ ძალიან მალე დაიწყება სარფის საბაჟოს რეორგანიზაცია. მანვე გადმოგვცა გეგმა და იმედი მაქვს, რომ  ქართულ საბაჟოებზე რიგები აღარ იდგება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრს, რომელმაც, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გამართა.
“ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საუბარი დაიწყო სწორედ იმ საკითხით, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ბატონმა მინისტრმა ხაზი გაუსვა თურქეთის მთავრობისა და ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი და ასევე აღგვითქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს და დაგვეხმარება იმაში, რომ თურქეთის მოქალაქეებმა არ დაარღვიონ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრი ნურეტინ ჩანილიკი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები