ბიძინა ივანიშვილი: პროკურატურა ძალიან დიდ გამოცდას აბარებს

ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ვაზაგაშვილების ოჯახის წევრებს მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, იური ვაზაგაშვილის ტრაგედია ხელისუფლების გამოწვევაა და დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. „ეს ტრაგედია, რომელიც საქართველოში დატრიალდა, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი ხელისუფლებისთვის. ასეთი მძაფრი კითხვა და გამოწვევა ხელისუფლებას არ ჰქონია და რა თქმა უნდა, დამნაშავეებს შესატყვისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველაფერი უნდა გააკეთოს პროკურატურამ, რომ საქმე გამოიძიოს და დამნაშავეები კანონის შესატყვისად უნდა დაისაჯონ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ინტერვიუში პროკურატურის საქმიანობასაც შეეხო. ამასთანავე, მან ყურადღება სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზეც გაამახვილა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სასამართლო დღევანდელ ხელისუფლებაში იმდენად დამოუკიდებელია, რომ პროკურატურას სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენა უჭირს. „რაც შეეხება ზოგადად, პროკურატურის ეფექტიანობას და გახმაურებულ საქმეთა გამოძიებას, მიზეზებს, ერთ-ერთი მიზეზი პროკურატურაში ძველი კადრებია, ვფიქრობ სხვა მიზეზებიც არსებობს, ჩემს დროს დაიწყო და რაც შემეძლო მეც ვეხმარებოდი. პროკურატურაში ძალიან ბევრი კადრი შეიცვალა და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი პროკურატურა არის გაცილებით ეფექტური, ვიდრე საზოგადოებაშია დამყარებული აზრი, თუ როგორია პროკურატურა. საზოგადოებას პროკურატურის მიმართ აქვთ ძალიან დიდი პრეტენზიები. ერთ – ერთი ობიექტური მიზეზი რითაც, გახმაურებული საქმეების გამოძიება ჭიანურდება, გახლავთ ის, რომ სასამართლო აბსოლუტურად გათავისუფლებულია ახალი ხელისუფლების ზეწოლისგან. მე ვარ ამის გარანტი, როდესაც პრემიერ მინისტრი ვიყავი ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის და დაგვემტკიცებინა სასამართლოსთვის, რომ გარდა სამართლიანობისა ახალი ხელისუფლება არაფერს მოითხოვს, ხელისუფლება არცერთ ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ ხელისუფლებისგან რაიმე ტიპის კონტროლი განხორციელებულიყო. ეს სასამართლომ გააცნობიერა. ცვლილები მოხდა და ეს საზოგადოებამაც ცნო“, – აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლო და პროკურატურა ერთად მოქმედებდნენ და საქმეები სწრაფად იკერებოდა, ეს დრო დასრულდა.
ივანიშვილის განმარტებითვე, სასამართლოს დამოუკიდებლობის პირობებში პროკურატურა „გაიჭყლიტა“.
“ის, რასაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რომ როგორც უნდოდათ ძალიან სწრაფად, პროკურატურაც ახერხებდა და ღებულობდა გადაწყვეტილებას, ეს დღეს მარტივი პროცესი აღარაა. გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უნდა ჩაერიოს და ეს მომავალშიც უნდა გაკონტროლდეს. სასამართლომ გამოძიებას ძალიან მაღალი სტანდარტები დაუტოვა. ამ მიმართულებით კი პროკურატურა ძალიან „გაიჭყლიტა“. ამ დროს საზოგადოებას გაუჩნდა აზრი, რომ პროკურატურა არაეფექტურად მუშაობს, თუმცა მიზეზი სხვა რამეშია. პროკურატურა დაკომპლექტდა ახალი კადრებით, ვფიქრობ პრობლემა არის ის, რომ ძალიან მაღალი სტანდარტებია და სასამართლო აღარ ღებულობს შეკრულ საქმეებს პროკურატურისგან. მათ მტკიცებულების საკითხში ძალიან უჭირთ. გახმაურებული საქმეების მოწმეები გაქცეულები არიან და საზღვარგარეთ ძებნაში იმყოფებიან. ძალიან დიდ ნაწილს არ უნდა, რომ ჩვენებები მისცეს. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ჭიანურდება პროცესები. ჩემი აზრით, პროკურატურა ძალიან დიდ გამოცდას აბარებს, მათ დიდი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებით, ძალიან მალე ჩვენ გვეყოლება ძალიან ეფექტური პროკურატიურა“ – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები