ბიძინა ივანიშვილი: ნარმანიამ ქართული, თბილისური ხასიათი უნდა გაითვალისწინოს

მე როცა ნარმანია წარვადგინე, ვთქვი, რომ მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა, ვფიქრობ, არ შევმცდარვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან“ ინტერვიუში თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას თბილისის მერში მისი მეთოდურობა მოსწონს.
“მე როცა ნარმანია წარვადგინე, ვთქვი, რომ მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა, ვფიქრობ, არ შევმცდარვარ. მომწონს მისი მეთოდურობა, პროფესიონალიზმი, რაც მას ახასიათებს. დასაწყისში მთლიანად ვერ შეეწყო თბილისის მერობას. ეს დასაწყისში იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის საბოტაჟის მოწყობას ცდილობდა, რაღაც ეტაპზე თქვენც ამჩნევდით და საზოგადოებაც, რომ მას გაუჭირდა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ… ნარმანია თავისთავად მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ეფექტურად განახორციელოს ის მოვალეობები, რაც მას კონსტიტუციით ევალება, მაგრამ საზოგადოებაც უნდა შევეჩვიოთ… მე მომწონს მისი მეთოდურობა, თუნდაც მისი ინერტულობაც კი, რაც ზოგჯერ ქართულ ხასიათს ეწინააღმდეგება. თუ არ გინდა მართვაში შეცდომა დაუშვა, აუცილებელია გაზომო ათჯერ, ასჯერ და ისე გადაჭრა, და არა ისე, რასაც ერთმა კაცმა მიგვაჩვია – ორ წელიწადში ასაშენებელს, ორ თვეში აშენებდა, მერე ის ინგრეოდა და ფუჭდებოდა, რა თქმა უნდა, დავით ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს ქართული, განსაკუთრებით თბილისური ხასიათი – ის, მოგეხსენებათ, თბილისელი არ გახლავთ, ზოგიერთი თბილისელი ამაზე შფოთავს და ჰგონიათ, რომ თბილისელობა მაღალი წოდებაა და ხაზს უსვამენ, რომ თბილისელი რომ არაა, უჭირთ მათთან შეგუება, მაგრამ ის არის მეთოდური და კარგი პროფესიონალი. რა თქმა უნდა, ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს და ტემპს მოუმატოს, მაგრამ ჩვენც უნდა ვარჩიოთ – ბევრჯერ გაზომილი და ერთხელ გაჭრილი ეს მეთოდურობა, და არა ის სისწრაფე, რასაც მიგვაჩვიეს ხელოვნურად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები