გიორგი თავდგირიძე რუსების მიერ აფხაზეთში სომხურ მოსახლეობაზე თავდასხმას ეხმაურება

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოხუმში რუსების მიერ სომხურ მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. როგორც თავდგირიძე ფესბუქის საკუთარ გვერდზე წერს, თუ ასე გაგრძელდა, მოვლენები, რომელიც 1917-21 წელს მოხდა, 100 წლის შემდეგ სიზუსტით განმეორდება. „ყოფილ რუსეთის იმპერიის (ყოფილ საბჭოთა კავშირის) გეო-პოლიტიკურ არეალში ანარქიის სუნი ტრიალებს, სადღაც ჭანჭიკები მოეშვა, ვიღაცას სადავეები გაექცა, ვიღაცა დაბნეულია და ვიღაცა არა ადეკვატური. თუ ასე გაგრძელდა მოვლენები, რომელიც 1917-21 წელს მოხდა, უცნაური სიზუსტით განმეორდება 100 წლის შემდეგ. ყველა-ყველას წინააღმდეგ, როდესაც უზარმაზარ სივრცეში ვინ ვის და რატომ ხოცავდა, აუხსნელი იყო, ბოლშევიკებს არ დაუწყიათ, ჯერ ამხელა იმპერიის მართვის თითქოს საუცხოოდ აწყობილი მექანიზმი ჩამოიშალა და მხოლოდ შემდგომ მოახერხეს ბოლშევიკებმა პროცესებში ჩართვა და გამარჯვების მიღწევა (ნუ შემდგომში ამ პროცესის დაწყებაც მიიწერეს, მაგრამ ეს მხოლოდ პროპაგანდისტული საჭიროებიდან გამომდინარე). ახლაც ცალკეული ინციდენტი, მოვლენა თუ პროცესი ზუსტი ინდიკატორებია, რომ მოულოდნელად წესრიგი ანარქიამ შეცვალოს. მიუხედავად იმისა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, შედეგი ყველასათვის სავალალო იქნება“, – წერს თავდგირიძე. აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსები სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში სომხურ მოსახლეობას თავს დაესხნენ. არსებული ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა თავდასხმა 8 ოჯახზე განახორციელეს. სოფელ აჩადარაში, ძირითადად, ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ. რუსები სოფელში ჯავშანტრანსპორტიორებით და „უაზის“ ტიპის მანქანით შეიჭრნენ, მოსახლეობას ფული და ოქროს ნაკეთობები წაართვეს. ერთ-ერთი ოჯახიდან კი რუსებმა მანდარინებით სავსე მანქანა გაიტაცეს, რომელიც გზად გაფუჭდა. სამხედროებმა მანქანა გზაზევე, ეშერას ხიდზე დატოვეს. თავდასხმის დროს სამხედროები სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მათგანი, 76 წლის ლიუსია კოჩარიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმეს სოხუმის ე.წ. პოლიცია იძიებს. მოსახლეობის თქმით, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია თავდამსხმელებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები