„ქართული ლეგიონის“ მეთაური: ომი უკრაინაში მალე დამთავრდება – ეს რუსეთის ხელისუფლების ბოლო კონვულსიებია

უკრაინულ მედიაში დონბასში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედროს ინტერვიუ გავრცელდა. სააგენტო „გორდონს“ ექსკლუზიურად ინტერვიუ „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა მისცა. მამულაშვილი ჰყვება, თუ როგორ იმეორებს რუსეთი დონბასში აფხაზურ სცენარს. მამუკა მამულაშვილი, რომელიც 14 წლიდან აფხაზეთის ომში იბრძოდა, მაშინ მამასთან ერთად ტყვედ აიყვანეს. მამუკას თქმით, მან საკუთარ თავზე „ფე-ეს-ბეს“ ყველა მეთოდი შეისწავლა. დღესაც დონბასში სეპარატისტების ჩარევის გარეშე არ გამოვიდა.
მამუკა მამულაშვილის თქმით, ქართველი მოხალისეები უკრაინაში  თანამემამულეთა მხარდაჭერას გრძნობენ, და არა ხელისუფლებისას. „თუ რუსეთი, უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინის დაჩოქვას შეძლებს, მას საქართველოს დაჩოქვაც არ გაუჭირდება“, – აღნიშნავს მამულაშვილი.
„მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ დონბასი შეიძლება მეორე აფხაზეთად იქცეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტი არ გაიყინოს, და რომ რუსეთს უკრაინის კანონიერი ტერიტორია წავართვათ. ვფიქრობ, უკრაინაში ომი მალე დასრულდება – ეს რუსეთის ხელისუფლების ბოლო კონვულსიებია. სამოქალაქო ომის შესახებ მითი რუსეთის პროპაგანდაა, რომლის მიღმა უცხოური ჯარების სუვერენულ ქვეყანაში შეჭრა იმალება. დონბასში, „ბოევიკების“ რიგებში ეთნიკურად რუსები იბრძვიან, უმეტესად კი – კრიმინალური ელემენტები, ნარკომანები და ალკოჰოლზე დამოკიდებულები“, – აცხადებს მამულაშვილი.
მისი თქმით, ომის შემდეგ ყველა ქართველი სახლში დაბრუნებას აპირებს. „ჩვენ ხომ საქართველოს მოქალაქეები ვართ, რომლებიც უკრაინაში მხოლოდ დასახმარებლად ჩამოვედით“, – აღნიშნავს მამულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები