კანონმდებლები „სითი პარკს“ უფლებებს შეუზღუდავენ

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, კანონი „სითი პარკს“ უფლებებს შეუზღუდავს. როგორც საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კანონით ზუსტად გაიწერება, თუ რა შემთხვევაში შეეძლება „სითი პარკს“ მოქალაქის ავტომანქანა საჯარიმოზე გადაიყვანოს.
ქუცნაშვილის განმარტებით, „სითი პარკი“ მისთვის მინიჭებულ უფლებებს ბოროტად იყენებს.
„თბილისში პარკინგთან დაკავშირებით უფლებებს „სითი პარკი“ ბოროტად იყენებს. იმ დროს, როდესაც მანქანები არასწორად დგანან, ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერასთან ერთად, ის საჯარიმო ავტოსადგომზე მიჰყავთ და, ადმინისტრაციული ჯარიმის გარდა, მოქალაქეებს ავტოსადგომზე გადაყვანის თანხებსაც ახდევინებენ, რაც ჯარიმიანად მოქალაქეს საშუალოდ 80 ლარი უჯდება. ჩვენი ხელისუფლების დროს არავის არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ უკანონო სარგებელი მიიღოს. „სითი პარკი“ მიტოვებულად მიიჩნევს ყველა მანქანას, რომელშიც არ ზის მძღოლი. „სითი პარკს“ მანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ არასწორად გაჩერებული მანქანა საავარიო სიტუაციას, ან საცობს ქმნის, ან მოძრაობას აფერხებს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, ხსენებულ შეზღუდვასთან ერთად, „სითი პარკს“ აღნიშნული დარღვევებისა და მანქანის საჯარიმოზე გადაყვანის შემთხვევაში, დაეკისროს, რომ „112“- ში ზარი განახორციელოს და აღნიშნული ქმედების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს „112“- ის სამსახური. „112“-ს უნდა აცნობონ, იმიტომ რომ სხვადასხვა თვითმართველ ქალაქში მანქანების პარკირების საკითხს სხვადასხვა კომპანია ემსახურება. „112“ გახლავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ზარის განხორციელების შემდეგ მოქალაქეს მიაწვდის ინფორმაციას, მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, თუ არა“,- აღნიშნა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები