ია მეტრეველი მისი ლიკვიდაციის გეგმას ასაჯაროვებს

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ ისაუბრა.
მეტრეველის განცხადებით, მან უკვე წელიწადზე მეტია იცის, თუ როგორ და რა სცენარით უნდა მომხდარიყო მისი მკვლელობა.
მეტრეველის თქმით, მან ინფორმაცია აღნიშნული გეგმის შესახებ უშუალოდ იმ პატიმრისგან მიიღო, ვისაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი ლიკვიდაცია დაავალეს.
პატიმრის ნაამბობის მიხედვით, ის მეტრეველს მაღაზიაში უნდა შეჰყოლოდა, სადაც მას ყაჩაღური თავდასხმის სცენა უნდა გაეთამაშებინა, რა დროსაც მეტრეველი ადგილზევე უნდა მოეკლა.
„დიდი ხნის განმავლობაში ტელეფონით მიკავშირდებოდა ადამიანი, ვისაც ჩემი მკვლელობა დაავალეს. თავიდან არ ვიჯერებდი, თუმცა მან მოგვიანებით ისეთი დეტალები გამიმხილა, რომ მისი ნათქვამის სიმართლეში დავრწმუნდი. ეს ინფორმაცია ცნობილია სამართალდამცავებისთვის, თუმცა ჩემი უსაფრთხოება დაცული არასდროს ყოფილა. დღეს თუ ამ ინფორმაციას ვაჟღერებ, მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფი ადამიანის სიცოცხლე დავიცვა და არა იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე ძალიან ძვირად მიღირს. მე მაშინ მომკლეს, როცა ჩემი 19 წლის ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. სრულიად შესაძლებელი იყო, მეც იგივე მომსვლოდა, რაც იურას დამართეს. ეს ბიჭი ქუჩიდან აიყვანეს, გადაიყვანეს სამმართველოში და მოუყვნენ, თუ როგორ უნდა მოეხდინა ჩემი მკვლელობა. აქაც და ჩემი შვილის მკვლელობის საქმეშიც ირაკლი ფირცხალავა ფიგურირებს, ის ბუტას საქმეში ბრალდებულია. გაოცებული ვარ, რომ ის პატიმრობაში დღემდე არ იმყოფება. გამოდის ტელევიზიით და მიცვალებულებს შეურაცხყოფას აყენებს. მაღაზიაში, ვითომდა, ყაჩაღობის მიზნით, უნდა მოედო ჩემზე იარაღი და ამ გზით მოვეკალი. ეს ბიჭი ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და თავად ვარაუდობს, რომ ამის გამო აარჩიეს. ამის პარალელურად, მას გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვება დაავალეს“,- განაცხადა ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთაში ამხილა. როგორც უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთ პირს, რომლის ვინაობასაც ომბუდსმენი არ ასახელებს, ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს.
ომბუდსმენის თქმით, მოწმე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა, ამჟამად 10-წლიან სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მსჯავრდებულის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მისგან ასევე მოითხოვდნენ, მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები