ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღეს დაგეგმილი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. დამტკიცებული დღის წესრიგი 27 საკითხისგან შედგება, თუმცა ამის გარდა ბიუროს სხდომაზე განიხილეს კიდევ ორი საკითხი, რომელთაგან ერთი ქალაქ თბილისის „ენერგო ქალაქების ასოციაციაში“ გაერთიანებას ეხებოდა, ხოლო მეორე თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამრებისა და ქვეპროგრამების განხორციელებაზე საკრებულოს მიერ მერიისთვის და თბილისის გამგეობებისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებდა.
საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან დარახველიძემ საკრებულოს დეპუტატებს „ენერგო ქალაქების ასოციაციაში“ ქალაქ თბილისის გაწევრიანების შესახებ საკითხი წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ წინადადებით საკრებულოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა. ლევან დარახველიძის თქმით, დავით ნარმანიამ მიზანშეწონილად მიიჩნია თბილისის გაწევრიანება აღნიშნულ ასოციაციაში. მისი წინადადება საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთერთობების კომისიამ განიხილა და თბილისის მერიას თანხმობა მისცა.
ბიუროს სხდომაზე განსახილველი მეორე საკითხი დეპუტატებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა წარმოუდგინა. აღნიშნული საკითხი ქალაქის სხვადასხვა რაიონში ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავდა, როგორიცაა ავარიული სახლების გამაგრება, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის პანდუსების მოწყობა, გზების რეაბილიტაცია და ა.შ.
ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ ორივე საკითხს დეპუტატებმა თანხმობა მისცეს.