იძულებით გადაადგილებულ 109 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 109 -ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განახორციელა. ჩატარებული სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად დაათვალიერა.
სამინისტროს ცნობით, ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა. 109 ბინიდან უმრავლესობა ოროთახიანი, 46 ბინა-ერთოთახიანი, 12 ბინა კი-სამოთახიანია.
„აღსანიშნავია, რომ 6 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია. საცხოვრებელი კორპუსი და გარე ინფრასტრუქტურაც ასევე სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ყველა საცხოვრებელ ბინას ინდივიდუალური სააბაზანო და სველი წერტილი აქვს. სამზარეულოში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო პარკინგი და სათამაშო ატრაქციონები. დამონტაჟდა გარე განათება, დეკორატიული სანათები, სანაგვე ურნები და სხვა საჭირო ატრიბუტიკა. თებერვალში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, 109 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემს. მშენებლობაზე 150-160 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 5.560.000 ლარი შეადგინა“, – აცხადებენ სამინისტროში.