პატრიარქი: ღამის ბარები ახალგაზრდების სულს კლავს

კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დასრულდა. ლიტურგია პატრიარქმა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა ნინოს ღვაწლი სასწაულებრივია. კერძოდ, როგორ შეძლო 13-14 წლის ბავშვმა წამოსულიყო საქართველოში ასეთ სიშორეზე, რადგან საქართველო იმ დროს წარმართული იყო.
“წმინდა ნინო ეს არის სასწაულებრივი და უდიდესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში. წმინდა ნინომ უდიდესი სასწაულით მოაქცია საქართველო და აი, დღეს, მე ვფიქრობ იმ ღვაწლზე, რომელიც უნდა იკისროს ჩვენმა ახალგაზრდობამ. წარმოიდგინეთ, როგორი პასუხისმგებლობით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები. დავით აღმაშენებელი 16 წლის იყო, როდესაც მას სამეფო გვირგვინი დაადგეს. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. თამარ მეფე მცირეწლოვანი იყო, როდესაც მისი მამის თანამოსაყდრე გახდა. ყოველი ადამიანი კი უნდა ფიქრობდეს არა იმაზე, რა ჭამოს და რა ჩაიცვას, ამას მას ღმერთი მისცემს, არამედ რისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რა გააკეთოს სამშობლოსათვის”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, თანამედროვე ახალგაზრდობა გართობას დიდ დროს უთმობს. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა ღამის ბარებსა და გართობაზე არ უნდა ფიქრობდეს, რადგან ღამის ბარები მათ სულს კლავს და ახალგაზრდობა ამას უნდა ერიდოს. მისივე თქმით, არის ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე, მაგრამ ვერ გაუკვლევია გზა.
“ღმერთმა გაუხსნას გული და გონება ჩვენ სახალგაზრდობას, სიბრძნე მისცეს. ჩვენ ვიცით, ბიბლიიდან რომ “შიში ღვთისა არის საწყისი სიბრძნისა”. ეს “შიში ღვთისა” უნდა ჰქონდეს ჩვენს ახალგაზრდობას, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი აზროვნება, რა უნდა გააკეთოს. ჩვენი ცხოვრების წლები არც ისე ბევრია”, – ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების ბოლოს პატრიარქმა წმინდა ნინოს მოსახელეებს, ნინოებს დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცა.
კათოლიკოს-პატრიარქმა დღესვე ტაძრის მღვდელმსახურნი დააჯილდოვა. ზოგიერთი მათგანი მიტრის ტარების უფლებით, ზოგიერთი ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.
პატრიარქმა ასევე დალოცა იმ ადამიანთა სულები, რომლებიც კუკიის სასაფლაოზე განისვენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები