საქართველოს პრემიერი კონგრესმენ იულია კიტინს შეხვდა
საქართველოს ხელისუფლება მომავალსა და შედეგზე ორიენტირებული მთავრობაა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგრესმენ უილიამ კიტინგთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ეკონომიკის განვითარებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერას დიდად აფასებს.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა, რადგან ადამიანის უფლებების უზენაესობის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. მისივე თქმით, აშშ-ი საქართველოს არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორი, არამედ კარგი მეგობარია და არის მოლოდინი ორმხრივი ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის.
კონგრესმენთან შეხვედრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ესწრებოდნენ.