გია ხუხაშვილი: ჭიკაიძე ამ პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე ნაკლები დამნაშავე იყო



ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომა პოლიტიკურად აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია“, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს.

როგორც „კვირას“ გია ხუხაშვილმა განუცხადა, თავის დროზე ალექსანდრე ჭიკაიძის შს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა დიდი შეცდომა იყო.

მისი თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრის თანამდებობაზე შეუსაბამო კადრი იყო. მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრისთვის შეუსაბამო გამოცდილება ჰქონდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად კეთილგანწყობილი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებდა, ის არცერთი კრიტერიუმით არ შეესაბამებოდა ამ თანამდებობას, -არც პროფესიულად. მას პოლიციაში ნამსახურების არც შესაბამისი სტაჟი და არც პოლიტიკური წონა ჰქონდა.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არც არის მისი პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ვინც ის დანიშნა ამ თანამდებობაზე, მას დათვური სამსახური გაუწია. იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი ახალგაზრდა ადამიანი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნო. არ შეიძლება ადამიანს ატვირთო იმაზე მეტი, რისი ზიდვაც მას არ შეუძლია. ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად შესაბამისია როგორც ადამიანურად, ასევე პოლიტიკურად. მან აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა. როდესაც ალექსანდრე ჭიკაიძის მიმართ რაღაც ბრალდებები ისმოდა, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

ექსპერტი აცხადებს, რომ დღეს ზურა ვაგაზაშვილის საქმე ერთგვარ კატალიზატორად იქცა ქვეყანაში. მისი თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძე ამ პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე ნაკლები დამნაშავე იყო. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან იმიტომ გადადგა, რომ მისი სახელი ნეგატიურად გაჟღერდა.

„ჭიკაიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობა დატოვა, რაც მის მოღვაწეობაში შეიძლება ყველაზე პოზიტიურ ნაბიჯად ჩაითვალოს. ვფიქრობ, ეს არ არის ფინალი და დასასრული, ალექსანდრე ჭიკაიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საქმეს სერიოზული და დრამატული გაგრძელება ექნება. ზურა ვაგაზაშვილის საქმე, გარკვეულწილად, კატალიზატორი გახდა. ის შეეწირა მხოლოდ იმას, რომ მისი სახელი გარკვეულწილად ნეგატიურად იყო მოხსენიებული. მას უბრალოდ მოუწია ამ პასუხისმგებლობის აღება“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
ჭიკაიძის მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები