კულტურის სამინისტროში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება
23 იანვარს, 09:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალური საკონკურსო კომისია შეიკრიბება, რომელიც 2015 წლის ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად იმსჯელებს. დადგენილი წესით, ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად შექმნილი საკონკურსო კომისია შემოსული 12 პროექტიდან საუკეთესოს ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. გამარჯვებულის ვინაობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამავე დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გამოცხადდება.
ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება, – ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზე“ განთავსდება.
ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures)”.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მსურველებისათვის კონკურსის პირობები ოფიციალურ ვებგვერდზე (culture.gov.ge ) 9 დეკემბერს განათავსა. განცხადების მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 15 იანვარი იყო.
საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.