„სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“- ევროპარლამენტში სააკაშვილის მმართველობის პერიოდის შესახებ ფილმს აჩვენებენ

“სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” – ევროპარლამენტში ხვალ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყველა თაობა საქართველოსთვის“ მიერ მომზადებულ ფილმს აჩვენებენ.
ევროპარლამენტში ამავე თემაზე გამოიფინება ბანერები და დარიგდება ბუკლეტები.
“ყველა თაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე უკვე ბრიუსელში იმყოფება.
ფილმის ჩვენების გარდა, დაგეგმილია გია სალუქვაძის შეხვედრები ევროკომისართან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია. გია სალუქვაძეს “კვირა“ ბრიუსელში დაუკავშირდა. “ყველა თაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის თქმით, ფილმი “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” დოკუმენტებსა და კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული.
ფილმში “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა”- გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, შვიდი ნოებრის, 26 მაისის, „მუხროვანის ამბოხისა“ და სხვა გახმაურებული საქმეების შესახებ არის მოთხრობილი, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ქმედებებს უკავშირდება.
მისივე თქმით, ფილმში ასევე ასახულია იმ ყოფილი  მაღალჩინოსნების საქმეები, რომლებზეც ზოგიერთ მათგანს ბრალი აქვს წარდგენილი და განაჩენებიც დამდგარია.
სალუქვაძე აცხადებს, რომ ბრიუსელში ფილმის ჩვნებას დიდი ინტერესით ელოდებიან.10937608_337781713094685_996869535_n
“ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის “სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა” ჩვენება  ევროპარლამენტის შენობაში ხვალ არის დაგეგმილი. ეს ფილმი დოკუმენტებსა და კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება. ფილმთან ერთად ჩვენ აქ ჩამოვიტანეთ უამრავი მასალა – ფოტოები, ბანერები, რომელთა გამოფენაც ასევე ხვალ გაიმართება. აუდიტორიას დავურიგებთ ბუკლეტებს, რომელშიც გამოფენილი ბანერებსა და ფილმზე გაცილებით ვრცლად იქნება მოთხრობილი. DVD დისკებზე ჩავწერეთ ჩვენ მიერ მომზადებული ფილმი და ასევე გოგა ხაინდრავას ფილმი “დემოკრატიის შუქურა“, რომლებიც მათ გამოფენის შემდეგ გადაეცემათ“, – განუცხადა “კვირას“ გია სალუქვაძემ.
რაც შეეხება ევროპარლამენტში დაგეგმილ შეხვედრებს, “ყველა თაობა საქართველოსთვის’’ შეხვედრებს გამართავს ევროკომისართან და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე ევროპარლამენტარებთან.
“ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას და ევროპელ დეპუტატებს ვაჩვენოთ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ქმედებები, რათა გაიაზრონ ყველაფერი. ევროპარლამენტში ფილმისა და გამოფენის ჩვენებას დიდი ინტერესით ელოდებიან. გამოფენის ორგანიზებაში ადგილობრივი “არასამთავრობო ორგანიზაციები“ და ჟურნალისტები დაგვეხმარნენ. ფილმი, რომელიც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, დიდი ქრონომეტრაჟის არ არის, თუმცა ნათლად გადმოსცემს სააკაშვილის რეჟიმის სავალალო შეცდომებს“, – განუცხადა “კვირას“ გია სალუქვაძემ.
აღნიშნული ფილმისა და ბრიუსელში ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე საქართველოშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები