გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

სხდომაზე, რომელიც უკრაინის კრიზისს დაეთმო, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სახიფათოა, რომ რუსეთის ქმედებები იქცეს „ახალ ნორმად“. ჩვენ ეს სტრატეგია მანამდე ვნახეთ ყირიმში, ხოლო უფრო ადრე – საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და დნესტრისპირეთში… მოსკოვის მიერ ინსპირირებული ყველა კრიზისი ერთმანეთის მსგავსია: ჩამოაჭრა მეზობელ ქვეყანას ტერიტორია და აქციო ის გაყინულ კონფლიქტად“, – განაცხადა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება გაეროში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ გრანტმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე მოეწერა ხელი, ხოლო სამხრეთ ოსეთთან ხელმოსაწერად მზადდება, წარმოადგენს „მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის მოდელს და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ ხელყოფას.“
საქართველოს საკითხი წინ წამოსწია ასევე გაეროში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაგივრად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ანექსიას და აღნიშნულის შენიღბვას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით ცდილობს.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას გაეროს ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპები და შეწყვიტოს ექსპანსიონისტური და რევანშისტული პოლიტიკა, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული“, – განაცხადა ლიტვის ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები