„ვინც ეს ჩაიდინა, შესაბამისი ორგანოები უმკაცრეს პასუხს მიაგებენ“

ვინც ეს ჩაიდინა, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ უმკაცრეს პასუხს – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს.
“ოპოზიციაში ყოფნის დროს ბატონი იური იყო ჩემი მეგობარი. ის იყო მებრძოლი ადამიანი. მათ, ვინც ეს ჩაიდინეს, შესაბამისი ორგანოები მიაგებენ უმკაცრეს პასუხს. ჩემი მხრიდან მინდა, დავპირდე მათ, ვინც ეს ჩაიდინა, რომ სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში დაწყებული საქმე მივა ბოლომდე და ის მემორიალი კი იდგება იქ, სადაც დგას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს პროკურატურას, დროულად მოხდეს საქმის გამოძიება.
“ბატონი იურის საქმეზე დაიწყო გამოძიება, აქაც უსწრაფესად უნდა გაირკვეს ყველაფერი და კონკრეტული შედეგი დაიდოს”, – აცხადებს წულუკიანი.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ერთ-ერთი ვერსიით კი ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები