2008 წლის ომში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა, სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს. გიორგი ალიბეგაშვილმა გმირულად დაღუპული გმირების ოჯახებს ნათლისღების საუფლო დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო სწორედ ასეთ გმირებზე დგას. „მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე საქართველოს ასეთი პიროვნებები და ასეთი თავდადებული გმირები ეყოლება, ის ყოველთვის დაიკავებს ღირსეულ ადგილს მოწინავე სახელმწიფოებს შორის. როდესაც ჩვენ ვისმენთ იმ თავდადების შესახებ, რომელიც ამ ადამიანებმა საკუთარი სამშობლოს წინაშე გამოიჩინეს, ბუნებრივია კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი ხსოვნის წინაშე და ვივსებით სიამაყით“–განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. საკრებულოს დეპუტატის, გენერალ კობა კობალაძის განცხადებით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს პოზიცია, რომ პირველ რიგში პატივი საქართველოსათვის ყველა თავდადებულ ადამიანს მიეგოს, ნამდვილად მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, ვინაიდიან ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს. „ტრაგედიის ეს ადგილი დღევანდელ დღეს მეტად ნიშანდობლივია, ვინაიდან აქ, სხვა თავდადებულ გმირთან ერთად, ნათლიამ და ნათლულმა ერთად შეწირეს სიცოცხლე სამშობლოს სიყვარულს. აღსანიშნავია, რომ მათმა ამ მართლაც უდიდესმა თავგანწირვამ თვით მოწინააღმდეგეც კი გააოცა. ამ ბიჭებმა სიკვდილით სიკვდილის დამარცხება შეძლეს. ტრაგედიის ადგილას სასულიერო პირებმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და ეროვული გვარდიის გენერალმა ლევან გამყრელიძემ, მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და გმირულად დაღუპულთა უკვდავსაყოფი მონუმენტიც დაათვალიერეს, რომელთა საზეიმო გახსნა აგვისტოს თვეშია დაგეგმილი. პროექტის ავტორის, ედმუნდ მინაშვილის განცხადებით, ბრინჯაოს 16 მეტრიანი მონუმენტი ტაძრის ეზოში, გმირების საფლავებთან იქნება აღმართული. ხოლო თავად ტაძარს კი, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევით „ყოველ ქართველთა და ოსთა ბრძოლის ველზე გარდაცვლილთა ხსოვნის“ სახელი მიეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები